რატომ ევროპა?
საყოველთაოდ აღიარებული ევროპული მისწრაფებების საფუძველზე, უკვე წლებია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ხელს უწყობენ საქართველოს, გაატაროს სხვადასხვა რეფორმა და განავითაროს არსებული რესურსები. საქართველო ამერიკასა და ევროკავშირთან წარმატებით თანამშრომლობს არაერთ სფეროში, მათ შორის განათლების, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დასავლური გამოცდილების გაზიარების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს კონკრეტულ სარგებელს, როგორიც არის:
გაუმჯობესებული ხარისხის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია
უკეთესი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
ხელმისავწდომი ევროპული განათლება
გაუმჯობესებული ჯანდაცვა
გაზრდილი ენერგო ეფექტიანობა და განვითარებული განახლებადი ენერგო რესურსები
უკეთესად ფუნქციონირებადი სასამართლო, გამყარებული კანონის უზენაესობა
გაზრდილი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საჯარო სამსახურებში
უკეთესი განათლება
ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობას წარმოადგენს განათლების დონის ამაღლება და მისი დასავლურ სტანდართებთან დაახლოება, რაც გულისხმობს უწყვეტ სწავლა-სწავლების წახალისებასა და თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და პროფესიული დარგების განვითარების მიზნით. პროცესი დაწყებულია და ითვალისწინებს:
ქართველი სტუდენტებისთვის ხარისხიანი ევროპული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდას ევროპულ სასტიპენდიო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გზით
უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაზრდასა და პარტნიორი ქვეყნების სტუდენტების მონაწილეობას ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამების სრულ ციკლში
ინსიტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რაც გულისხმობს ევროპული გამოცდილების გაზიარებას, კურიკულუმების შემუშავების, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ადმინისტრირების ახალი მეთოდების დანერგვისა და სხვა საკითხებში
ქართველ მკვლევართა ევროკავშირის ჩარჩო კვლევით პროგრამაში ჩართულობასა და ერთობლივი პროექტების განხროციელებას
დღეის მდგომარეობით
პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დასანერგად, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 1 878 845 დოლარი. ამ პროექტით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.
ევროკავშირის დაფინანსებით 2007 წლიდან დღემდე 2000-მდე ქართველმა სტუდენტმა ისწავლა ევროპაში
განვითარებული ვაჭრობა
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს, რომელიც გულისხმობს როგორც სატარიფო, ასევე არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას, არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ხელს უწყობს:
ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას
გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების ზრდას
ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას
ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას
ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდის კვალობაზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და გაფართოებას
ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას
ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას
ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას
სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად
ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
იმის ფონზე, რომ გაიზარდა ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზართან, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დასავლეთის ქვეყნებთან 1 804 400 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7,4 % ით მეტია. აქედან: ექსპორტი 400 900 000 დოლარი (26,6%ით მეტი), იმპორტი 1 403 500 000 დოლარი (2,9 % ით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა შეადგინა 27,3%.
გაუმჯობესებული მართლმსაჯულება
მშვიდობა და წევრი სახელმწიფოების ხალხთა კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროკავშირის ძირითადი მიზანია. კეთილდღეობა, სხვა სიკეთეებთან ერთად, გულისხმობს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის შექმნასაც.
ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის აუცილებლობა.
ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის.
ორგანიზაციამ დააარსა მთავრობის იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც უფასო იურიდიული მომსახურება გაუწია 90 000-ზე მეტ ადამიანს, სისხლის სამართლის პროცესებში წარმოადგინა 5000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 140 000 უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია უამრავ მოქალაქეს, რომელთათვის ადვოკატის მომსახურება სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ იყო.
ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამა. ამ პროგრამებით ისარგებლეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ციხეებისა და პრობაციის პერსონალმა, პოლიციის გამომძიებლებმა, სახალხო დამცველებმა და ადვოკატებმა. შედეგად, გაუმჯობესდა სფეროში მომუშავეთა უნარები და ეფექტიანობა, რაც საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს.
ევროკავშირმა წამოიწყო ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის – TACIS (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States), რომლის მიზანი ახლად დამოუკიდებელობამოპოვებული ქვეყნების დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა იყო. TACIS-ის დახმარებით, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად მოხდა ახლადდანიშნულ მოსამართლეთა მომზადება და შეიქმნა ქართულ- ევროპული პოლიტიკის და სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრი.
საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის ევროკავშირმა 2012-2016 წლებში დახარჯა 15 500 000 ევრო.
პოლიტიკური მხარდაჭერა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1992 წლიდან იღებს სათავეს. ევროკავშირის დახმარების პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაში.
1999-2004 წლებში ევროკავშირმა საქართველოზე, დაახლოებით, მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური სახსრები გაიღო. ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ამასთან, იკვეთებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში და საერთაშორისო თანამეგობრობაში მისი ინტეგრირების მიმართულებით. სწორედ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერით, 1999 წელს საქართველო ეროპის საბჭოში, 2001 წელს კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანდა.
2008 წელს ევროკავშირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის სწორი დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი პოსტკონფლიქტურ სტაბილიზაციაშიც. 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც ევროკავშირი, ეუთოსთან და გაეროსთან ერთად, მედიატორის როლს ასრულებს. ამავე წლის 25 სექტემბერს, ორგანიზაციამ საქართველოში, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით, საგარეო და უსაფრთხოების დარგში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.
ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ვალდებულებათა შესასრულებლად, ორგანიზაციამ საქართველოს შესაბამის უწყებებს 83 000 000 ლარი გამოუყო. პროგრამა 2024 წლამდე გასტანს.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც გამოიხატა მხარდაჭერაში 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
გაეროს განვითარების (UNDP) პროგრამასთან თანამშრომლობით, ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, ევროკავშირი 2010-2018 წლებში კონფლიქტებით დაზარალეუბლ თემებს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით, ხარჯავს 5 500 000 ევროს. COBERM-მა ხელი შეუწყო ასზე მეტ ადგილობრივ ინიციატივას ქართული, აფხაზური, ოსური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება დარგობრივი თანამშრომლობის ნაწილში, გულისხმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასაც. ორგანიზაციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ზრდის ქართველი ფერმერების შემოსავალს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ (ENPARD). პირველი ფაზის ბიუჯეტმა 52 მილიონი ევრო შეადგინა. 2016 წელს, ამოქმედდა პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.
ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 1500-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივი, რის შედეგადაც შემოსავლები 20%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი გაორმაგდა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) საქართველოში წარმოებულ პროდუქციას 500 მილიონი ევროპელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
ევროკავშირის დახმარებით დაარსდა 59 სამთავრობო საკონსულტაციო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო 250 000 ფერმერს საქმიანობაში.
ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში შეიქმნა 44 საზოგადოებრივი ცენტრი, რომლითაც საქართველოს 90 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტომ აჭარის რეგიონში ფერმერთა ორგანიზაციის მხარდასაჭერად გამოყო 185 000 ევრო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სოფლების მომსახურების ცენტრები.
დანიის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში სურსათის უვნებლობისა და სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით გამოყო 700 000 ევრო. საქართველოს შემოსავლების სამსახურთან ერთად საექსპორტო პროექტის განსახორციელებლად.
ევროკავშირი ქართული სოფლის განვითარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ეხმარება. 2013-2019 წლებისთვის საქართველოში პროგრამის ბიუჯეტია 102 000 000 ევრო
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ხულოს, ქედის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.
გაზრდილი ტურიზმი
ევროკავშირში ტურიზმი განიხილება, როგორც რეგიონულ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი. 2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შესაძლებლობა აქვთ ვიზის გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. იქედან გამომდინარე, რომ ტურიზმი ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ამ მიმართულებით, უკვე შეინიშნება ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. დოკუმენტის თანახმად, მხარეებს შორის უნდა გაიმართოს კონსულტაცია და გამოცდილების გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა მომსახურების სფეროს გაუმჯობესება, ტურისტული ზონების მოწესრიგება და სხვა.
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტით 180 დღეში მაქსიმუმ 90 დღით უვიზოდ გამგზავრება ევროპის 30 ქვეყანაში.
უვიზო მიმოსვლით უკვე 200 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.
ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებით, ინდივიდუალური მოგზაურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დაემატება საინფორმაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნები.
უკეთესი ჯანდაცვა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულების გაძლიერება, ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასოცირების შეთანხმების ამოცანას, ასევე წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან ახლო თანამშრომლობა და ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, მოქალაქეებს ექნებათ უფრო ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა და ეყოლებათ უკეთ მომზადებული ექიმები.
ევროკავშირის პროექტის „სოციალური მუშაკების თანამშრომლობა სოციალური ცვლილებების ხელშესაწყობად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ მთლიანი ბიუჯეტია 1 079 413 ევრო. აქტივობის მიზანია, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდავეთში.
ევროკავშირმა 1 300 000 ევრო გამოყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4 500 000 000 დოლარი შეადგინა. პარალელურად, ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 500 000 000 ევრო.
ევროკავშირმა დაუცველი დევნილების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველო დააფინანსა 1 530 220 დოლარით
მოძრაობა ძალა ევროპაშია
ევროპა არის ქვეყნისა და საზოგადოების არჩევანი და ერთადერთი სწორი კურსი სტაბილური და მდგრადი, ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარებისთვის: უკეთესი განათლება, ძლიერი ეკონომიკა, დასაქმება, მაღალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობა გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა, მშვიდი და უსაფრთხო გარემო.. ევროპა არის განსხვავებული კულტურების, ტრადიციებისა და განსხვავებული ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობის სივრცე. ეს არის ღირებულებები, სადაც უმთავრესია ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლება.
ევროპა სახლია ჩვენი და ეს არის საზოგადოების, წინაპრების არჩევანი და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ სახლს, ევროპულ ოჯახს.
დავანახოთ დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, რომ მართლა ვირჩევთ განვითარების ევროპულ გზას. ამიტომ არის ეს კამპანია, ეს მოძრაობა მნიშვნელოვანი და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ბევრი მხარდამჭერი გვყავდეს.
მოძრაობა ძალა ევროპაშია არის ყველასთვის, ვინც იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ არჩევანს!