2016 წელს დავამთავრე ამერიკული აკადემია თბილისში და სასურველ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე მადრიდში. ადაპტაცია არ გამჭირვებია, ვფიქრობ ამაში უდიდესი როლი ჩემმა სკოლამ ითამაშა, რომელიც მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომლებიც საუნივერსიტეტო პროცესში აქტიურად ჩაბმაში ძალიან გვეხმარება ახალბედა სტუდენტებს.

იმის გარდა რომ მადრიდი და აქ ცხოვრება ყოველდღიური დღესასწაულია, ახალმა საუნივერსიტეტო ეტაპმა და თვითონ უნივერსიტეტმა უსაზღვროდ საინტერესო სამყაროში ამომაყოფინა თავი, ალბათ ისეთში მხოლოდ წარმოდგენა რომ შემეძლო. საინტერესო ინტერაქციული ლექციები, სადაც ოცდაათხუტმეტამდე განსხვავებული ეროვნების წარმომადგენელ ახალგაზრდასთან ერთად იძენ ცოდნას, ისმენ მათ შეხედულებებს და ხშირად ბევრნაირი განსხვავების მიუხედავად, თავისუფლად აზიარებ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა თუ  რწმენებს. რისიც ყველაზე მძაფრად დავიჯერე ბოლო წლების განმავლობაში – სამყაროს მრავალფეროვნება და ინდივიდების უნიკალურობაა. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ახლოს ვარ ნებისმიერ ქვეყანასთან, განსხვავებული წარმომავლობის, ინტერესების, დაჯგუფებების ადამიანთან და მათ პრობლემებთან, ვიდრე მაღალი ინტერესის მიუხედავად, აქამდე ვიყავი. ახლა უფრო მარტივად შემიძლია მათ მდგომარეობაში შესვლა და გაცნობიერებული თანაგრძნობა. უკეთ მესმის მათი ხმა, განცდები და ამ განცდების გამომწვევი მიზეზები და მოვლენები. როცა შენც ამ მრავალფეროვნების ნაწილი ხდები, ისევე გჭირდება ინტეგრაცია, სხვებისგან აღიარება და მიღება, როგორც დანარჩენებს შენგან.

მგონია, რომ უცხოეთში განათლების მიღება ბევრ სიკეთესთანერთად უფრო კეთილშობილს და განსხვავებების მიმართ ლოიალურს ხდის ადამიანს. ყოველი ახალი კურსი და სემინარი, რომელსაც უნივერსიტეტში გავდივარ, მარწმუნებს რომ ის ღირებულებები, რომელთა მნიშვნელობაზეც საბედნიეროდ განვითარებული სამყარო შეთანხმდა, სასიცოცხლოდ აუცილებელია ცივილური და ჯანსაღი საზოგადოების შექმნისთვის. ასეთ ჯანსაღ მიკრო სოციუმში არსებობა და მითუმეტეს განათლების მიღება, დემოკრატიული და თავისუფალი გარემოს სარგებლიანობაში, აუცილებლობასა და მნიშვნელობაში უფრო მარწმუნებს. ამ გადმოსახედიდან უფრო გასაგები და თვალსაჩინო ხდება შენი პატარა ქვეყნის უნიკალურობა, უპირატესობები, რითაც საინტერესო ვართ დემოკრატიული სამყაროსთვის და კიდევ უფრო ნათლად ჩანს ის პრობლემები, რაც ხელს გვიშლის ცივილური მსოფლიოს ორგანული ნაწილი გავხდეთ.

 

 

2020-10-02T11:40:00+00:00