კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. კამპანიის წევრები ამჯერად ბათუმელ სტუდენტებს შეხვდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა და ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა, სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია გამართეს. ახალგზარდები აქტიურად ჩაერთნენ ისეთი საკითხების განხილვაში, როგორიც არის საქართველოს ევროპული მომავალი, ევროპული ინტეგრაციის უპირატესობები. იმსჯელეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში, რაც მათივე დაკვირვებით, საგრძნობლად მომძლავრებულია რეგიონში. კოალიციის წევრებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს ქვეყნის ევროპულ კურსზე, ესაუბრნენ ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. მოსახლეობასთან გასვლითი ტურები კამპანიის ფარგლებში სხვა რეგიონებშიც იგეგმება. კამპანია „ძალა ევროპაშია“ ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

2018-08-15T14:31:14+00:00