ჩვენ შესახებ
საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის უპირობო არჩევანს წარმოადგენს, რაც გულისხმობს უკეთეს, უფრო დაცულ, უფრო განვითარებულ ქვეყანას, სადაც მოსახლეობის თავისუფლების და კეთილდღეობის ხარისხი გაცილებით მაღალია.
ევროინტეგრაცია გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და გაზრდის დასაქმების დონეს
ევროინტეგრაცია ბიზნესსა და აგრო ინდუსტრიას გაუხსნის გზას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისკენ
ევროინტეგრაცია დაგვეხმარება უკეთესი შიდა პოლიტიკისა და მმართველობის დანერგვაში
ევროინტეგრაცია მისცემს ახალგაზრდებს შესაძლებლობას მიიღონ უკეთესი განათლება
„ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ, უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.
კამპანია „ძალა ევროპაშია“ პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებში არსებულ მცდარ სტერეოტიპებს უკავშირდება. დღეს, რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი ინფორმაციის გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია „ძალა ევროპაშია“ „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულები არიან სხვადასხვა მიმართულებისა და სპეციფიკის სამოქალაქო ორგანიზაციები.
საბოლოოდ, „ძალა ევროპაშია“ კამპანიის მიზანია გააერთიანოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოება: სამოქალაქო სექტორი, საჯარო უწყებები, ბიზნესკომპანიები, აქტიური მოქალაქეები და ნებისმიერ მსურველი, ვინც აქტიურად ჩაერთვება კამპანიის მიმდინარეობაში. გააერთიანოს იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა დაინახონ, რომ საქართველოს არჩევანი უალტერნატივოა და რომ ქართველებისთვის ძალა ევროპაშია!