კოალიციის “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლები კამპანიის “ძალა ევროპაშია” მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.

ტურის ფარგლებში ისინი ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუდენტებს შეხვდნენ და მეტი ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

ტურში მონაწილეობა მიიღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, “ევრო-ატლანტიკური საბჭოს” ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ, “ევრო-ატლანტიკური საბჭოს” თავმჯდომარე დავით სიხარულიძემ, ასევე, ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ, სცენარისტებმა დავით ლაბაძემ და გიორგი ჯანელიძემ და პიანისტმა დათუნა ალადაშვილმა. 20-22 მაისს, ისინი უჯარმის, ვარდისუბნის, ჩუმლაყის, გურჯაანის, წნორისა და ბადიაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ტურის ფარგლებში მოეწყო ღია დისკუსიები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის (აისი) სტუდენტებისათვის. დისკუსიების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს. კამპანიის ფარგლებში, ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

***

“ძალა ევროპაშია” კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანია “ძალა ევროპაშია” “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

2018-05-23T13:00:49+00:00