ლონდონში ჩამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მშობლებთან ერთად მივიღე. ლონდონში ჩამოსვლისას, მე-11 კლასში ვიყავი და იქაურ მოსწავლეებს 2 წლით ჩამოვრჩებოდი სკოლის პროგრამით.
ლონდონში ჩასვლიდან მალევე მივხვდი, რომ ინგლისური ენის ფაქტორს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა ეს ჩემთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, რადგან ლონდონთან ახლო კავშირი ადრეულ ბავშვობაშიც მქონდა. მამაჩემის ბრიტანეთში მოღვაწეობის პერიოდში, ქართული და ინგლისური წერა-კითხვა ფაქტობრივად ერთდროულად, ერთ დონეზე შევისწავლე მე-2 კლასში, შესაბამისად, ჩემთვის ენა ბარიერს ნამდვილად არ წარმოა
დგენდა.
ამისდა მიუხედავად, ისეთ სხვა სირთულეებს წავაწყდი, რომ ეხლაც ვერ ვიჯერებ როგორ მოვახერხე მათი გადალახვა. დავიწყოთ იქიდან, რომ ლონდონში ჩასვლისას მე-11 კლასში არცერთი სკოლა არ მიღებდა. ბრიტანული სკოლები ძალიან ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციასა და სტუდენტების ნიშნების სტატისტიკაზე ამიტომ ჩემს მიღებაზე როდესაც დადგა საკითხი, დირექციიდან პირდაპირი უარი მოდიოდა. ვერ წარმოედგინათ როგორ შეძლებდა ქართველი მოსწავლე 3 წლის მასალის 1 წელიწადში დაძლევას. საბოლოოდ, შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე, გოგონათა კათოლიკურმა სკოლამ მიმიღო – ასე მგონია ხათრით – და როგორც იქნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დავიწყე სწავლა. რასაც ვაკვირდებოდი, სკოლაში საკუთარი სტუდენტებისგანაც კი არ მოელოდნენ დიდად არაფერს და ჩემი ხომ საერთოდ არავის სჯეროდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ იქ გატარებული 1 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. თუმცა სწორედ ამგვარი სიძნელეების გადალახვამ მომცა ძალიან დიდი მოტივაცია შემდგომი წინსვლისთვის.
სკოლა წარმატებით დავამთავრე და როგორც კოლეჯის აბიტურიენტი უნივერსიტეტების შერჩევა დავიწყე. ლონდონის უნივერსიტეტებს შორის უესტმინსტერის უნივერსიტეტი ერთადერთი აღმოჩნდა რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტების დაფინანსებას უზრუველყოფს; გრანტის მოსაპოვებლად კი ცალკე საკონკურსო პროგრამაში მომიწია მონაწილეობა. კონკურსის შედეგად 3000-ზე მეტი აპლიკანტიდან, დადებითი პასუხი მხოლოდ 200-მა სტუდენტმა მიიღო და მათ შორის ვიყავი მეც. ამასობაში კოლეჯიც წარმატებით დავასრულე, საუკეთესო კურსდამთავრებულთა შორის მე4 ადგილზე გავედი და 2017 წლის სექტემბრიდან სწავლა უესტმინსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე.
სტუდენტური ცხოვრება
ლოდონში გატარებული სტუდენტური წლები ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის რადგან უამრავ საინტერესო აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობა მხვდა წილად. ბაკალავრიატის პერიოდში, გავხდი უნივერსიტეტის ამბასადორი კერძოდ საერთაშორისო სტუდენტური კორპუსისთვის.
საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინატორთან პარტნიორობით ასევე გამოვაქვეყნე სხვადასხვა სტატიები საერთაშორისო სტუდენტური ბლოგის ვებგვერდზე. ამის შედეგად, უნივერსიტეტის მარკეტინგის განყოფილებამ ამირჩია რამდენიმე ონლაინ კამპანიასა და საერთაშორისო პროექტში მონაწილედ როგორც უნივერსიტეტის სტუტენტების ონლაინ სახე. დღესაც შეგიძლიათ მიხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე საერთაშორისო სტუდენტური ცხოვრების განყოფილებაში, ისევე როგორც უესტმინსტერის უნივერსიტეტის YouTube გვერდზე Off-Campus სერიალის პირველ ეპიზოდში.
ამასობაში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში თეატრალური სტუდენტური კავშირი რამაც მომცა საშუალება სწავლისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა დრო დამეთმო კრეატიულობასა და შემოქმედებისთვის. ჩვენი გუნდი შედგებოდა სხვადასხვა კურსის სტუდენტებისგან, რომლებიც საშემსრულებლო ხელოვნებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდნენ. მეც პატარაობიდან სცენაზე ვდგავარ და რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით ჩავერთე ამ საქმეში. უნივერსიტეტის დატვირთული გრაფიკის გარეთ ჩვენ ვდგამდით სპექტაკლებს, ვგეგმავდით ღონისძიებებს და ვატარებდით ცეკვისა და სიმღერის მასტერკლასებს სტუდენტებისთვის.
უცხოეთში სწავლის გაგრძელების მთავარი სარგებელიც ჩემი აზრით, სწორედ ის არის, რომ შეგიძლია ასეთ საინტერესო აქტივობებში ჩაერთო და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად გაიჩინო იდეალური სამეგობრო წრე, რომელთანაც შენი საყვარელი საქმიანობა გაკავშირებს.