კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში უერთდება ევროპის დღე 2018-ს. 3 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, თბილისსა და რეგიონებში გაიმართება არაერთი ღონისძიება, მათ შორის, ღია დისკუსიები, შეხვედრები მოსახლეობასა და სტუდენტებთან, ქუჩის აქტივობები.
ღონისძიებების მიზანია, კამპანიის „ძალა ევროპაშია“ შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რათა შემუშავდეს ერთობლივი გეგმა, როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგადას და რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებს.
სწორედ ამიტომ, ღონისძიებების ძირითადი ნაწილი სტუდენტებსა და მოსახლეობასთან ღია დისკუსიებია. კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრები საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად გაუძღვებიან დისკუსიებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ძირითადი თემაა „რას გვაძლევს ევროპა, ნატო და რას გვართმევს რუსეთი“.
კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში „ევროპის დღე 2018“-თან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
5 მაისს, დილის 11 საათიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, თბილისის რიყის პარკის „ევროსოფელში“ განთავსდება კამპანიის „ძალა ევროპაშია“ საინფორმაციო პუნქტი. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ ევროინტეგრაციის დადებითი და რუსული პროპაგანდის უარყოფითი მხარეების შესახებ. ასევე, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრები სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას კამპანიის შესახებ.