კოალიციამ „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთად დაიწყო კამპანია „ძალა ევროპაშია!“

კამპანიის პრეზენტაცია შედგა 5 აპრილს, სასტუმრო რუმს თბილისში.

ევროინტეგრაციის საკითხი საზოგადოებაში აქტუალური და ხშირად განხილვადი საკითხია, რადგან ეს უკავშირდება ქვეყნის მომავალს და მისი განვითარების ძირითად მიმართულებას. მიუხედავად ამისა, საქართველოში მცხოვრები საზოგადოების ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ევროინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ. ამასთან, არსებობს მცდარი სტერეოტიპებიც. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან, საზოგადოების მეტი ჩართულობა უზრუნველყონ დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.

უვიზო მიმოსვლის, ეკონომიკური აღმავლობისა და შრომითი მიგრაციის გარდა, კამპანიის ფარგლებში კოალიციის წევრები ევროპის დადებით მხარეებზე საზოგადოებას სხვა ინფორმაციასაც მიაწვდიან. კამპანიის „ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობისას, ხაზგასმული იქნება ისიც, რომ ევროინტეგრაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ნატოსთან დაახლოებასაც ისახავს მიზნად.

2018-05-04T18:12:07+00:00